ალბათობა იმისა, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაძვირდეს, ძალიან დიდია.
საამისოდ თითქმის ყველა წინაპირობა არსებობს: „სემეკი“ უკვე განიხილავს ქვეყნის ორი უმსხვილესი გაზგამანაწილებლის - „სოკარისა“ და „ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნებს - ორივე კომპანია მარეგულირებელი კომისიისგან ტარიფის შეცვლას ითხოვს. ტარიფის გადახედვა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასაც“ სურს, რომელიც ბუნებრივ აირს კერძო კომპანიებს აწვდის და მისი მიწოდების ტარიფის გაძვირება კერძო კომპანიების ტარიფზეც აისახება. ტარიფის გაზრდაზე მედიასთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც ისაუბრა, ენერგეტიკის დარგის სპეციალსტებიც მიიჩნევენ, რომ ეს გარდაუვალია.
„ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს, პარლამენტარ რეზო არველაძეს დაუკავშირდა და ამ საკითხის შეფასება სთხოვა:
რეზო არველაძე - 2005 წლის შემდეგ ენერგეტიკის დარგში მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა, ცხადია, ეს ხარჯები ტარიფში უნდა აისახოს. როდესაც კომპანია ფულს ხარჯავს, უკან ხომ უნდა დაიბრუნოს და ეს ტარიფის მეშვეობით ხდება. მით უმეტეს, 2005 წლის შემდეგ დოლარისა და ლარის შეფარდებაც ძალიან შეიცვალა, თუმცა 2005-2014 წლებში ლარის კურსი სტაბილური იყო. ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებს „სემეკში“ განაცხადის შეტანა ცოტა კიდეც დააგვიანდათ, ალბათ ელოდნენ, რომ ლარი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა რა სიტუაცია გვაქვს? - დავუშვათ, გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს გაზს უცხოეთიდან და იხდის 100 დოლარს, თუ ადრე ტარიფში 170 ლარი ჰქონდა ჩასმული, ახლა 240 ლარი უნდა ჩასვას, რის გამოც დიდ ზარალს ნახულობს. ამიტომ, ეს ორი ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს გაზის ტარიფზე. იმედია, მარეგულირებელი კომისია ყველა კომპონენტს საფუძვლიანად განიხილავს და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
- გამოდის, რომ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა იძულებით გადადგეს ეს ნაბიჯი?
- დიახ, ეს მათ შექმნილმა სიტუაციამ უკარნახა. სხვაგვარად ეს კომპანიები გაკოტრდებიან და ვეღარ შეისყიდიან ბუნებრივ აირს უცხოეთიდან. წესით, გაწეულ ხარჯს ტარიფი უნდა ანაზღაურებდეს, რასაც ისინი ვერ ახერხებენ, ამიტომ შევიდნენ სემეკში განაცხადით, რომ მარეგულირებელმა ტარიფებს გადახედოს. „სემეკს“ 150 დღე აქვს მიცემული, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. სავარაუდოდ, მარეგულირებელი კომისია ივლისში მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე კი ღია და საჯარო განხილვები იქნება. „სემეკის“ გადაწყვეტილება ალბათ 1 ივლისიდან შევა ძალაში, თუმცა ტარიფი როდის შეიცვლება, ეს ჯერ მარეგულირებელმა კომისიამაც არ იცის.
- ბატონო რეზო, მოსახლეობა წელს ისედაც ჩიოდა, რომ 2015 წელთან შედარებით უფრო მეტი თანხის გადახდა უწევდა. ეს გაზის ხარისხით ხომ არ იყო გამოწვეული?
- ეს იმიტომ მოხდა, რომ ასეთი ცივი ზამთარი საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა.ზოგიერთ ოჯახს გათბობა აპრილის ბოლომდე ჰქონდა ჩართული. თუმცა, ვისაც ეჭვი აქვს, თავისის ქვითრები უნდა წარადგინოს მარეგულირებელ კომისიაში და მოითხოვოს, რომ „სემეკმა“ მისი პრობლემა განიხილოს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის ხარისხს, მე გამიჭირდება ამ თემაზე მსჯელობა, რადგან გაზის ხარისხის შემოწმებას სპეციალური აპარატურა და ხელსაწყოები სჭირდება, რომ კალორიულობა დადგინდეს.
თუმცა რამდენიმე დღის წინ მარეგულირებელმა კომისიამ წარმოადგინა 2016 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გაზის კალორიულობა წელს 8400-8500 კილოკალორიაა 1 კუბ.მეტრზე ანუ დასაშვებზე უფრო მეტი, რადგან ნორმა დაახლოებით 7400 კილოკალორიაა. თუ გაზის კალორიულობა დაბალია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გაზი იხარჯება. ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ურევდნენ, რაც გამორიცხულია, რადგან ამას შეიძლება ავარიები და აფეთქებები მოჰყვეს.
- სავარაუდოდ, რამდენით მოიმატებს ტარიფი?
- ეს ჯერ კიდევ არავინ იცის, რადგან დასათვლელია რამდენი ინვესტიციაა ჩადებული ამ დარგში, ან რა კურსს ჩადებს მარეგულირებელი კომისია - 2,40-ს თუ 2,50-ს. კომისია ვერ გააკეთებს განცხადებას, ვიდრე ყველაფერს ბოლომდე არ მიიყვანს. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდო, ის არის, რომ ტარიფი თბილისში უფრო ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე რეგიონებში, რადგან იქ უფრო მეტი სამუშაო ჩატარდა და გაცილებით მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ბოლო წლებში ძალიან ბევრი სოფლის გაზიფიცირება მოხდა და ეს დანახარჯი აუცილებლად აისახება გაზის ტარიფზე.-კახა კალაძის თქმით, თუკი ტარიფები გაიზრდება, არაა გამორიცხული, რომ მთავრობამ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღოს. ეს რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს?
- პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, თუ ვის სჭირდება დახმარება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, მაგრამ სუბსიდირების მასშტაბები იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ რა შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. საერთოდ, სუბსიდირების ორი გზა არსებობს: სოციალურად დაუცველ მომხმარებელს უფრო დაბალი ტარიფი უნდა დაუწესო, ხოლო დანარჩენებს - მაღალი, მეორე გზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაა, მაგრამ ბიუჯეტშიც ხომ ჩვენი ფულია? გაჭირვებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, მთავარია, რამდენად ქმედით მექანიზმს შევიმუშავებთ.
რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს საყოველთაო სუბსიდია. როცა პარლამენტის წევრს ხელფასი 2 ათასი ლარი აქვს, ხოლო პენსიონერს - 180, მთავრობამ პირველ რიგში ამ უკანასკნელის ინტერესები უნდა დაიცვას. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე მარეგულირებელი კომისია განხილვას დაიწყებს. ამ პროცესში ჩაერთვებიან სპეციალისტები, საზოგადოება, მედია და საბოლოო გადაწყვეტილება ყველამ ერთად უნდა მიიღოს.
ხათუნა ჩიგოგიძე