საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია. ამ კატეგორიის წილი საერთო მოსახლეობაში წლიდან წლამდე მატულობს, რაც უდავოდ ერის დაბერების ნიშანია.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამის მიზეზად შობადობის შემცირებასა და შრომისუნარიან მოსახლეობაში მიგრაციის მაღალ დონეს მიიჩნევენ.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ პენსიონერების რაოდენობა მუდმივად იზრდება. 9 წლის წინ ქვეყანაში ასაკით პენსიონერების რიცხვი 611 879 იყო, ხოლო მათი მომსახურებისთვის ყოველთვე 83 038 158 ლარი იხარჯებოდა, 2017 წლის მარტის მდგომარეობით კი, პენსიონერთა რაოდენობა 721 213-მდეა გაზრდილი. მათ უზრუნველსაყოფად ბიუჯეტდან 130 680 663 ლარი იხარჯება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 114 488 847 ლარი იყო, რაც 709 433 პენსიონერის უზრუნველყოფას ხმარდებოდა.
გამოდის, რომ 1 წელიწადში ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 12 000-ით მოიმატა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3,7 მილიონიან ქვეყანაში ყოველი მეხუთე ასაკით პენსიონერია.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2015 წელს ქვეყანას 696 779 პენსიონერი ჰყავდა, მათზე დახარჯული ყოველთვიური თანხის მოცულობა კი 105 434 211 ლარი იყო. 2014 წელს ამ მიმართულებით 103 748 570 ლარი დაიხარჯა და ეს თანხა 686 979 პენსიონერს მოხმარდა. 2013 წელს კი ქვეყანაში უფრო ნაკლები - 683 876 პენსიონერი ცხოვრობდა.
როგორც ვხედავთ, მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, რა გარკვეულწილად ერის დაბერების ნიშანია. ცხადია, ამ ხალხის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ დემოგრაფიული ვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ახალგაზრდა და შუახნის ხალხი მეტი იცხოვრებს ქვეყანაში.
სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო დაბერების გზას ადგას და დიდია საფრთხე, რომ სამომავლოდ ბიუჯეტს პენსიონერთა ფინანსური უზრუნველყოფა გაუჭირდეს.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, პენსიონერთა რაოდენობა ბევრია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან მიმართებით და აღემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასაც.
"ჩვენ 90-იან წლებში მეტი პენსიონერი გვყავდა, თუმცა ახლა საქმე სხვა რამეს ეხება. ხდება მოსახლეობის დაბერება, მოზარდების და ახალგაზრდების წილის მკვეთრი შემცირება, შობადობის კლება და მოსახლეობის გადინება. აღსანიშნავია, რომ პენსიონერთა რაოდენობა მაღალია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან და მით უფრო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასთან მიმართებით. ჩვენ რომ გვყავდეს უფრო მეტი დაქირავებით დასაქმებული, მაშინ მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები გაცილებით მეტი იქნებოდა. შესაბამისად, ტვირთი, რასაც სახელმწიფო იღებს ასაკოვანი ადამიანების შესანახად, ბიუჯეტისთვის არ დამძიმდებოდა.
ევროპის ქვეყნებში ხელფასის ჯამური სიდიდის თანაფარდობა მშპ-თან არის 40%, ჩვენთან 43%-ზე ოდნავ მეტია. ეს მაჩვენებელი რომ იყოს 1,6-ჯერ უფრო მაღალი, ჩვენ გავიდოდით ევროკავშირის დონეზე და დამატებით გვეყოლებოდა თითქმის 500 ათასით მეტი დაქირავებით დასაქმებული, რომელიც ბიუჯეტში შეიტანდა დამატებით 1,6 მლრდ ლარის ექვივალენტ თანხას. ეს არის თითქმის იმდენი, რამდენიც ბიუჯეტიდან პენსიონერთა მომსახურებისთვის მიდის.
ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა შობადობის დაბალი დონე და მიგრაცია. 20-დან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი მიგრანტთა შორის 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის მთელ მოსახლეობაში, ვინც დოვლათი უნდა შექმნას, შთამომავლობა გააჩინოს, გადის ქვეყნიდან და საბოლოოდ ქვეყანა ზარალდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ და დასძინა, რომ ტენდენცია გაგრძელდება და სოციალური ფონის შესამსუბუქებლად სახელმწიფოს სერიოზული ძალისხმევის გაწევა მოუწევს.
"ანალოგიური პრობლემა გვქონდა 1999 წელს, როცა სახელმწიფომ 5 წლით გაზარდა საპენსიო ასაკი. ამით ჩვენ მივიღეთ პენსიონერთა ისეთი წილი, როგორიც გვქონდა 1981 წელს. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და დაგვჭირდება საპენსიო ასაკის მორიგი ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპენსიო დახმარებები ბიუჯეტიდან ვერ იქნება იმ დონის, რომ საზოგადოების ამ დაფასებული ფენის ღირსეული სიბერე უზრუნველყოს.
ეს არ არის მხოლო საქართველოს პრობლემა. სხვა ქვეყნებში ამ საკითხის მოსაგვარებლად გრძელვადიანი პროგრამა მუშაობს. ბევრ ქვეყანაში საპენსიო ასაკი გაზარდეს, პარალელურად, ასაკოვან მოქალაქეებს ანაზღაურების მიღების საშუალებაც მისცეს, რომ ერთდროულად მიიღონ ხელფასი და პენსიაც. გარკვეული ზომების მიღება საქართველოშიც გახდება აუცილებელი", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ ეკონომისტები, რომელთა ვარაუდითაც, საქმე გვაქვს სერიოზულ საბიუჯეტო პრობლემასთან, რომელიც მალე იჩენს თავს და მასთან გასამკლავებლად ხელისუფლებას ადეკვატური ზომების მიღება დასჭირდება.
ექსპერტ პაატა აროშიძის აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, რომ ასაკით პენსიონერებს ბიზნესის აწყობის საშუალება მიეცეთ.
"პენსიონერების რაოდენობის ზრდა ახალი პრობლემა არ არის. დემოგრაფიული პროცესი ნეგატიურ შედეგს ათეული წლების შემდეგაც იძლევა. ფაქტია, რომ ერი დაბერების გზაზეა და ეს გაეროს კვლევებითაც დასტურდება. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, ამ რეალობას ვერაფერს ვუზამთ. პენსიონერების რიცხვს ხელოვნურად ვერ შევამცირებთ, ეს წარმოუდგენელია.
უკვე საქმე გვაქვს საბიუჯეტო პრობლემასთან, რადგან ყოველწლიურად მეტი თანხა უნდა დავუთმოთ პენსიონერების უზრუნველყოფას. ერთადერთი გზაა, რომ მოვახდინოთ მათი აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგალითად, ბიზნესში, რათა მივცეთ შემოსავლის მიღების საშუალება.
სახელმწფოს არსებული სოციალური ფონის შესარბილებლად ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამ ტენდენციით თუ ვივლით, პენსიონერს ნორმალური ყოფა-ცხოვრება ვერაფრით ექნება. მართალია, საპენსიო თანხა მცირეა, მაგრამ ერთობლიობაში მისი მოცულობა სახელმწიფოსთვის დიდი ტვირთია. პენსიონერების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს და მათი უზრუნველყოფისთვის სულ უფრო მეტი ფულია საჭირო.
რაც უნდა იყოს, სახელმწიფო ვალდებულია, ადამიანის ღირსეული სიბერე აუცილებლად უზრუნველყოს. ამ ხალხმა მოიტანა ეს ქვეყანა დღევანდლამდე, ახალგაზრდებიც მომავალში პენსიონერები გახდებიან და უნდა დაინახოს ყველამ, რომ სახელმწიფო ღვაწლმოსილ ადამიანებს ღირსეულად ექცევა. ეს უნდა გამოიხატოს იმ პირობებში, რასაც ქვეყანა უკვე ხანში შესულ მოქალაქეებს უწესებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანს" პაატა აროშიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"