გიორგი კვირიკაშვილი - ბორდოში, ღვინის გამოფენაზე, წელს პირველად საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, იქნება წამოდგენილი

ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის გამოფენაზე, წელს პირველად საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, იქნება წამოდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით, ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით.

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად ბორდოს ცენტრისთვისაც და საქართველოსთვისაც იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა. საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანის ქვეყანა, ღვინის ქვეყანა, სადაც ეს კულტურა შეიქმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ბორდო და ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი უძველესი კულტურის შესახებ, ღვინის კულტურის, ხელოვნების შესახებ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნულ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს და პრემიერმა მოუწოდა ყველა უწყებას ამ კუთხით, ლევან დავითაშვილთან მაქსიმალურად ითანამშრომლონ „იმისთვის, რომ საუკეთესო კუთხით იქნას წარმოჩენილი საქართველო“.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით, ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ჩვენ ვართ მასპინძლები პირველი საგამოფენო წლის მთელი სამი თვის განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მინდა ყველას მოგილოცოთ.

ასეთი რამ შეიძლება თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს ეს არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. პირველი ნაბიჯი კომპანია „ჯივიესის“ მხრიდან გადაიდგა 1999 წელს, ლონდონში, საქართველო გამოიფინა, როგორც ღვინის აკვანი და ამის შემდეგ დიდი სამუშაო იქნა გაწეული ღვინის ინდუსტრიაში ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით.

დაგვირგვინება გახლავთ მართლაც ის, რომ ქვეყანაში, რომელიც ძალიან სელექტიურია ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ქალაქში, რომელიც მართლაც არის ძალიან მაღალი სტანდარტების ამ კუთხით, ჩვენ ვართ მასპინძელი ქვეყანა. ეს არის მართლაც დიდი წარმატება და მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ითანამშრომლოთ მაქსიმალურად ყველა უწყებამ. ლევან დავითაშვილთან მუშაობს ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ემზადება საქართველოს დღეებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მოვლენას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.