რუსი ფოტოგრაფი ვაგზლის მოედანზე - თბილისის ყველაზე შემზარავი ადგილი

რუსმა ფოტოგრაფმა ილია ვარლამოვმა ვაგზლის მოედნის ფოტობლოგი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ყველაზე შემზარავი ადგილია თბილისში და ქალაქის სირცხვილია.

ილია ვარლამოვი ფოტოგრაფი და ჟურნალისტია, რომელიც საკუთარ ბლოგს აწარმოებს და როგორც მისი ბლოგიდან ჩანს, დიდად კეთილგანწყობით არ გამოირჩევა საქართველოს მხრივ.

ავტორი აშკარად ცდილობს მკითხველს შემაძრწუნებელი სურათი დაუხატოს თბილისთან დაკავშირებით და თბილისში მოგზაურობის შემდეგ მხოლოდ ვაგზლის მოედნის ფოტოებით შემოიფარგლება. ილია ვარლამოვი არ ახსენებს თბილისის სხვა ღირსებებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ვაგზლის მოედანზე ირგვლივ ყველგან ნაგავია და ისეთი სიბინძურეა, როგორც ბომბეიში.

„ტერიტორიაზე უამრავი მოვაჭრე და მათხოვარია. შენობები გაურემონტებელია და ნგრევის პირასაა. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი გადასასვლელი ხიდია. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არ დგას ტუალეტები და ადამიანები ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ ტროტუარზე იკმაყოფილებენ. არ ველოდი, თბილისში თუ ასეთ რამეს ვნახავდი. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, როცა მითხრეს, რომ ტერიტორია ორი კვირის წინ მოაწესრიგეს. ანუ რასაც ფოტოებზე ხედავთ, უკვე მოწესრიგებულია“, - დაწერა რუსმა ფოტოგრაფმა.