დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, კონფერენციას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და აღნიშნული სექტორების ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაინც ოლბერსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. კონფერენციას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში. კონფერენციაზე აღნიშნული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამებით მოხდება ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებას. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, აიღონ კომერციული ბანკებიდან სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის გარანტიის ქვეშ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები. ისინი კომერციულ ბანკებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, მოიზიდონ ტექნიკური დახმარება იმისათვის, რომ ინოვაციური პროდუქტების და პროექტების იდენტიფიცირება მოახდინონ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგროსექტორში დაფინანსდება მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვი. ამ შემთხვევაშიც, ევროპის საინვესტიციო ბანკი ტექნიკურ დახმარებას გამოყოფს”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, "ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გზების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სფეროებში.

”ევროპის საინვესტიციო ბანკი ასევე მხარს უჭერს ქვეყნის კერძო სექტორს. ბანკის ოპერაციები და სამომავლო გეგმები გარდაისახება დიდ მხარდაჭერაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმისა ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების და მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანის განცხადებით, "ეს პროგრამები დამატებითი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაზე.

”ევროპის საინვესტიციო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით, ხელშესახებ დახმარებას ვთავაზობთ ინოვაციურ ბიზნესებს, რომელთაც სურთ ევროკავშირთან გახსნილი ახალი შესაძლებლობებით ისარგებლონ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, კერძოდ, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამ სამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაეწევა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი ერთობლივად ქმნიან ინსტრუმენტთა პაკეტს, რომელიც ამ სამ ქვეყანას დაეხმარება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებათა ამოცანების შესრულებაში. მათი მიზანია წინაღობათა თანმიმდევრული მოხსნა და საჭირო პირობების შექმნა, რაც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბაზარზე არსებული ახალი გარემოებით.

ამ ინიციატივის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნულ სამ ქვეყანაში. იგი აგრეთვე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას უკეთესი სასესხო პირობების მეშვეობით და ადგილობრივ შუამავალ ბანკებს შესთავაზებს მცირე და საშუალო საწარმოების პორტფელზე დანაკარგის პირველადი ანაზღაურების გარანტიებს, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას მისცემს მეტად გარისკონ და დაფარონ ეკონომიკის ის დარგები, რომელთაც ამჟამად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე.

ინიციატივა გააძლიერებს კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შესაძლებლობებს, რათა შეძლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც მიიღწევა შემდეგით:

ადგილობრივი ბანკებისა და სხვა საფინანსო შუამავლებისთვის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე გაცემულ სესხებზე გარანტიის შეთავაზება ევროპის საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ სასესხო პირობები და ამგვარად დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის;

ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა საფინანსო შუამავლებისთვის ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების მეშვეობით, აგრეთვე საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის როგორც რეგიონულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სოფლის განვითარების წახალისებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას დაეთმობა;

მიკროსაწარმოების მხარდაჭერა ადგილობრივი მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.