ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2016 წლის 28 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 115 683.23 ლარი შეადგინა.
სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ლექტორობისას კი შემოსავლის სახით - 1 260 ლარი მიიღო.
მიმდინარე წლის იანვარში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურებისა და აღებული პრემია-დანამატების საკითხი განხილვის საგანი გახდა. "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ”მედიატორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანამატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია ცესკო-ს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით, ჟვანია ფლობს 116.10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.
დეკლარაციის შევსების მომენტში თამარ ჟვანიას „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 8.45 დოლარი ჰქონდა; „პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე - 262.75 დოლარი; 20.00 ლარი და 0.05 ევრო; „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 10 985.32 ლარი; მიმდინარეზე კი - 399.98 ევრო ჰქონდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით 2 500 ევრო ჰქონდა.
ცესკოს თავმჯდომარეს „პროკრედიტ ბანკში“ 16 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც წლის განმავლობაში 4 368 დოლარი შეადგინა.
ამასთან, შვილების სწავლის საფასურის სახით თამარ ჟვანიას წლიურმა გასავალმა - 8 825 ლარი; ოჯახის (4 პირი) საზაფხულო დასვენების ხარჯების სახით - 3 200 ლარი; ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევის სახით - 1 650 ლარი შეადგინა. მანვე გასულ წელს შეიძინა ორი - 19 ათასისა და 9 600 დოლარის ღირებულების ავტომობილი.
ჟვანიას ჰყავს მეუღლე - მიხეილ ყაველაშვილი და შვილები - თამთა და გიორგი ყაველაშვილები. ყაველაშვილი ფლობს 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დუშეთში და იმავე ტერიტორიაზე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები - Lexus GX და Mercedes E 350.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჟვანიას მეუღლეს „პროკრედიტ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 3.25 ლარი ჰქონდა.
მიხეილ ყაველაშვილის წლიურმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 21 994.75 ლარი შეადგინა. მისმა გასავალმა კი წლის განმავლობაში ავტომანქანის დაზღვევის სახით - 1 020 დოლარი, მსუბუქი ავტომობილის გზავნილების ხარჯის სახით - 3 500 დოლარი შეადგინა.