ნაურუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის აშშ-ს ფინანსურ დახმარებას აღარ მიიღებს

ახალი ზელანდიის რადიოსადგური RNZ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება , რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, არ მიიღებს ფინანსურ დახმარებას აშშ-სგან.

რადიოსადგური აღნიშნავს, რომ შესაბამისად, ნაურუ ამიერიდან ვერ მიიღებს აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, განსხვავებით ტუვალუსა და ვანუატუსგან, რომელთაც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება რამდენიმე წლის წინ უკან წაიღეს.

რადიოსადგური ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ მთავარი ფინანსური დონორია ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, რომლებიც დახმარებას უწევენ ნაურუს.