რას წერს Los Angeles Times-ი ქართულ ღვინოზე

"პატარა საოჯახო მეღვინეობა კვლავაც ძლიერია. სწორედ ეს უკანასკნელი უნარჩუნებს ქართულ ღვინოს თვითმყოფადობასა და ბუნებრიობას"

ღვინოზე თუ მიდგა საქმე, ტეილორ პარსონსს არაფერი უკვირს. ჰენკოკ პარკში მდებარე რესტორან "რეპუბლიკის" (République) ღვინის განყოფილების ყოფილ დირექტორს, ლოს ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უნიკალური და თავისებური ღვინის პროგრამის ავტორს ამ ქალაქის საუკეთესო რესტორნებთან უთანამშრომლია - სპაგოდან დაწყებული, მოცათი დამთავრებული. მას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ღვინო გაუსინჯავს და ისეთი ენციკლოპედიური ცოდნა აქვს ამ სფეროში, რომელზეც ჩვენ, რიგით მოკვდავებს, შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, პარსონსის რამით გაკვირვება თითქმის შეუძლებელია.

მაგრამ საქართველომ ის მართლაც მოხიბლა. პარსონსმა საქართველოში 2015 წელს იმოგზაურა და ამ ტურნემ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

"ქართულ ღვინოებს ისეთი არომატი და ფაქტურა აქვთ, როგორიც მანამდე არასოდეს შემხვედრია", - ამბობს 37 წლის პარსონსი, რომელიც, სხვა ნებისმიერი სომელიეს მსგავსად, ხშირად მოგზაურობს საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ღვინის რეგიონებში. - "რასაც ისინი აკეთებენ, ეროპული სტანდარტებით შესაძლოა აზრს მოკლებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ღვინო საოცრად ექსპრესიული გამოდის. ეს ყველაფერი უძველეს ტრადიციას ეფუძნება, რომელიც მათ კულტურაში მყარად არის გამჯდარი, თან ისე, როგორც სხვაგან არსად მინახავს.

დიახ, სწორედ ასე ხდება, როდესაც ჩადიხარ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს უძველესი ღვინის რეგიონია, სადაც 8 000-ზე მეტი დასახელების ღვინო და 100 000-მდე მიკრო ღვინის მწარმოებელი ქარხანაა, სადაც თითქოს შეუძლებელია შეხვდე ადამიანს, რომელიც ღვინოს არ აკეთებს, იქნება ეს მეზობელი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი.

ეს არის ქვეყანა, სადაც ღვინო ძირითადად ტრადიციული მეთოდით მზადდება. ეს მეთოდი უძველესია და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ ძველი დროის შემდეგ მასში არაფერი შეცვლილა. მთავარი, რაც ამ მეთოდს სხვებისგან განასხვავებს, დიდი თიხის ჭურჭელია, რომელსაც ქვევრი ჰქვია და რომელიც მიწაში იმარხება, შემდეგ კი მასში დაწურული ყურძენი და მისი წვენი თავსდება. მეთოდი არქაულად მეჩვენა და, ამავე დროს, ეს ყოველივე საოცრად ღრმაა. ევროპული რისლინგის ან კაბერნეს შესახებ აქ თითქმის არაფერი გაუგიათ.

სამაგიეროდ, აქ არის 500 აბორიგენული ჯიში, რომელთა სახელების წარმოთქმა შეუძლებელია, რადგან ბევრ თანხმოვანს შეიცავს, მაგალითად "ციცქა, მწვანე და ოცხანური საფერე".

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე იზოლაციის შემდეგ, საქართველოს ღვინის ინდუსტრიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში გარკვეული აღმავლობა განიცადა. ეს ნაწილობრივ რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის გამოა, რომლის შემდეგაც ღვინის მწარმოებლებმა სხვა ბაზრების ძებნა დაიწყეს, რამაც მსოფლიო ინტერესის მატება გამოიწვია.

კალიფორნიაში, პატარა იმპორტიორებმა, მაგალითად კრის ტერელმა და ბლუ დანიუბ კორპორეიშენმა წარმოადგინეს ეს ღვინოები და ღვინის მოყვარულმა საზოგადოებამ ყველა მათგანი ზუსტად ისე მიიღო, როგორც პარსონსმა. ნიუ-იორკელი ჟურნალისტი ელის ფირინგი, რომელიც ღვინის მიმართულებით მუშაობს, პარსონსის მსგავსად შეძრული დარჩა ქართული ბრენდებით და საინტერესო წიგნიც კი დაწერა ქართულ ღვინოზე, სახელწოდებით For the love of wine. "მე არასოდეს მინახავს ქვეყანა, რომელშიც ასე ძლიერად არის გაერთიანებული ღვინო ადათ-წესებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან", - წერს ფირინგი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე დიდი ღვინის ქარხანაა (რომლებიც ძირითადად რუსეთსა და მის ყოფილ დომინიონებს ამარაგებენ), პატარა საოჯახო მეღვინეობა კვლავაც ძლიერია. სწორედ ეს უკანასკნელი უნარჩუნებს ქართულ ღვინოს თვითმყოფადობასა და ბუნებრიობას. როგორც ფირინგი ამბობს, "ეს არის ქვეყანა, სადაც არომატი არსად დაკარგულა".

საქართველო სტამბოლსა და თეირანთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პარიზთან ან მადრიდთან. ის გაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მეზობლად, და მოქცეულია კავკასიონის მთების ორ ქედს შორის. თითოეული მათგანი საქართველოს ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს ქმნის, რაც ქვეყანას, გეოგრაფიულად და მეღვინეობის თვალსაზრისით, გამოჰყოფს დანარჩენი მსოფლიოსგან.

ეს არის გზაჯვარედინი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით): სპარსელები, ბიზანტიელები, რუსები, ბერძნები და თურქები ერთი მეორის მონაცვლეობით იკავებდნენ ამ ტერიტორიას. მიუხედავად მისი როლისა, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებლისა, საქართველოს რთული გეოგრაფია შედეგი გამოდგა იმისა, რომ აქ უნიკალური სამზარეულო და ღვინის კულტურა ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან აღმოსავლეთ ევროპაში, იმდენად კარგად, რომ რუს პოეტებს, პუშკინიდან დაწყებული და ოსიპ მანდელშტამით დამთავრებული, ბევრჯერ შეუსხამთ ხოტბა ამ ქვეყნის ამოუწურავი დოვლათისთვის.

იხილეთ გაგრძელება