უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გაიყიდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.
საზოგადოებისთვის ისევ აქტუალური გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ირჩევდა შუალედურ მოდელს. ანუ სრულად არ იქნებოდა აკრძალული უცხოელებზე მიწის მიყიდვა, რაც თავის დროზე საკონსტიტუციო კომისიამაც არაკონსტიტუციურად ცნო.
თუმცა, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი გვეუბნება, მსგავსი ტიპის შუალედური მიდგომა, რის განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს, იგივე ბლანკეტური, ანუ სრული აკრძალვის ტოლფასია.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას "საერთაშორისო გამჭვირვალობასთან" ერთად ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიებიც. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველოსთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი". ისინი მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
"მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა დაარტყამს ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას ანუ შემოსავლების გაჩენას/ზრდას და დაგვტოვებს დიდხანს სიღარიბეში. ამასთან, მიწა ეკონომიკური აქტივი/რესურსია და იმის ხელში უნდა იყოს, ვინც უფრო ეფექტურად იყენებს, თუ მეტი კეთილდღეობა გვინდა და არა მკერდზე მუშტების ბრახუნი", - აღნიშნავს "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო კომისიას იანვარში "პატრიოტთა ალიანსმა" და "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მიმართეს. ორივე პარტია მოითხოვდა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აკრძალულიყო, თუმცა მაშინ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს მყარი პოზიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მიწა არ გასხვისდეს. თუმცა, ამასთანავე, შესაძლებელი იქნება, გაიცეს გრძელვადიანი იჯარა, თუკი საუბარი განსაკუთრებულ პროექტზე, ინვესტიციასა და დასაქმებაზე იქნება.
რაც შეეხება საკითხს, უნდა ასახულიყო თუ არა ეს ყოველივე კონსტიტუციაში, მიიჩნევს, რომ - კი, რადგან ამით ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრებოდა პრობლემა. თუმცა გვეუბნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არც უმრავლესობის გუნდშია, შესაბამისად, გადაწყვეტილება საბოლოოდ გუნდში განხილვის შემდგომ გახდება ცნობილი.
"საქართველოში დიდი ინვესტიციები უცხოელებზე მიწის მიყიდვით ნამდვილად არ შემოსულა. ამიტომ კონტრარგუმენტაცია, რომ მიწა არის ეკონომიკური აქტივი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი უცხოელებზე გასხვისება, ჩვენთვის მიუღებელია.
"დიახ, ეს არის ეკონომიკური აქტივი, თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ჩვენ ამ აქტივის ათვისება ადგილობრივი ეკონომიკური რესურსითაც შეგვიძლია.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა საკუთარი პირადი მოხმარებისთვის სურს, ამის უფლება არ ექნება. საქმე ეხება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისებას და მეორე მხრივ, კერძო პირის მიერ კუთვნილი პრივატიზებული მიწის გასხვისებას. ამ ორივე შემთხვევაში იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჩამოყალიბებული ის მიდგომა, რომელზეც ვისაუბრეთ", - აცხადებს დანელია და აქვე საუბრობს შემთხვევაზე, როცა უცხოელს მიწა მემკვიდრეობით გადაეცემა.
"რაც შეეხება მემკვიდრეობას, ეს ისეთი საკითხია, რომელიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. თუმცა აქ იყო რამდენიმე თემა, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინება და ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ მიწის გასხვისების ვალდებულებას", - გვითხრა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა კონკრეტულად განსაზღვრული, თუ რა სახის ინვესტიციაზე გაიცემა იჯარა და რამდენი ხნით, ოთარ დანელია გვპასუხობს, რომ ასე ერთპიროვნული პასუხის გაცემა უჭირს და იჯარის ვადა პროექტის შინაარსზე იქნება დამოკიდებული.
"ვინაიდან იჯარის გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გამონაკლისის სახით მოხდება, ჩვენ არ გვინდა, კონკრეტული წესი გვქონდეს, რადგან ეს სტანდარტის ნიშანი იქნება. ჩვენ არ გვინდა, სტანდარტული იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იჯარის გაცემა. ეს იქნება გამონაკლისი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება ჯერ რეგიონული ხელისუფლების მიერ, შემდგომ - გუბერნიაში რწმუნებულთან, ამის შემდგომ - სოფლის მეურნეობის სამინისტროში და თუკი ყველა ინსტანცია მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია და ღირს მისი განხორციელება, შემდგომ მოხდება იჯარით გაცემა.
"აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბოლოო მოცემულობა, არამედ არის არსებული, მიმდინარე პროცესი, რომელშიც შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, კანონპროექტის განსახილველი ვერსია თვის ბოლოსთვის მზად იქნება.
"საპარლამენტო უმრავლესობას ამ პროექტთან დაკავშირებით მისი ჩამოყალიბების შემდგომ უფრო კონკრეტული მოსაზრება გვექნება. თუმცა რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების იჯარით ჩანაცვლებას, ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება თანაზომიერი გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრების უფლება სხვა რამეს გულისხმობს და იჯარა - სხვას", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას და აღნიშნავს, რომ იჯარის უფლება დღესაც აქვთ და იმ ბლანკეტური აკრძალვის პერიოდშიც ჰქონდათ უცხოელებს. თუმცა მათთვის პრიორიტეტული მიწის საკუთრების უფლებაა, რადგან იჯარა მიწაზე დროებით უფლებას გულისხმობს.
"თუკი ამ შუალედურ მიდგომას იღებს ხელისუფლება, გამოდის, რომ ეს არანაირი შუალედური მიდგომა არ არის და, პირიქით, საკუთრების უფლების იჯარით ჩანაცვლებით ისინი ძალაში ტოვებენ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არქონის საკითხს.
"მთავარია, რა მიზანი აქვს აკრძალვას - თუ მიზანია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები დავიცვათ, მათ შორის არადანიშნულებით მისი გამოყენებისგან, გამოფიტვისგან და ა. შ., მაშინ საქმე მოქალაქეობას არ უკავშირდება, რადგან ვერ ვიტყვით, უცხოელები უფრო მეტად დააზიანებენ მიწას თუ ქართველები.
"მეორე მხრივ, შეუძლებელია, მიზანი მიწის დაცვა იყოს და ეს უკავშირდებოდეს მისი მესაკუთრის მოქალაქობას. ხოლო თუკი მიზანი ის არის, რომ უცხოელებს, უბრალოდ, არ მივყიდოთ მიწა, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვა არაკონსტიტუციურია", - გვითხრა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა.
გვანცა ღვედაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"