სად იკრძალება და სად იქნება ნებადართული თამბაქოს მოწევა?

პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები 85-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა ყველა დახურულ სივრცეში აიკრძალება.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

  • შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
  • საგანმანათლებლო (ზოგად საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე;
  • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
  • სტადიონზე, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაცია. ცვლილებების მიხედვით სტადიონზე მოწევა 2020 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება
თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შემდეგ შენობა-ნაგებობაში:

  • ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზირებულ ლაბორატორიულ დანადგარებში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში; - დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით
  • „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა რომლებიცაა - პაპიროსები, სიგარები და სიგარილები);
  • სამორინეში;
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, თამბაქოს კვამლი არ უნდა სხვდებოდეს სხვა სივრცეში და ამ ოთახში არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთხისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში - ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის, დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, თამბაქოს მოწევა შესაძლებელია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისაგან;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“;
  • 2020 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში იქნება დასაშვები