აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე კომერციული ფართების დაქირავება 300%-ით არის გაძვირებული

დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ფართების ქირის ფასი 300%-ით არის მომატებული. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ უძრავი ქონების სააგენტოში MYCLIENT.GE განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე მდებარე ფართებზე მოთხოვნაც მკვეთრად არის გაზრდილი.

„თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 კვადრატული მეტრი კომერციული ფართის ქირაობა 15 დოლარი იყო, დღეს 55 დოლარიდან 60 დოლარამდე ღირს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საცხოვრებელი ბინების კომერციულ ფართებად გადაკეთების ტენდენციაც შეინიშნება. რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ჰოსტელის ტიპის სასტუმროებზე დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ბინის მესაკუთრეებს ურჩევნიათ, თავიანთი საცხოვრებელი ბინა კომერციული დანიშნულებისთვის გამოიყენონ,“ - განაცხადა MYCLIENT.GE-ის ბროკერმა, იოლანდა ნიზამუტდინოვამ.