გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გახსნას დაესწრო, რომელიც იორდანიაში იმართება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, საქართველოს მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვები.

მათივე ინფორმაციით, სპიკერებმა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ფორუმის გახსნას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

გიორგი კვირიკაშვილი დღეს იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.