"მთავარი ამოცანაა, დანაზოგები გადავაქციოთ ინვესტიციებად"
"საქართველოს ბანკების მომგებიანობა ისტორიულ მაქსიმუმზეა", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა და ამბობს, რომ ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა უფრო მეტი მოგება ნახეს, ვიდრე თავიანთი არსებობის ისტორიაში.
მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია და მე-9 ადგილზეა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ. ამ ტემპით საქართველოს კომერციული ბანკების მომგებიანობა თანდათან ემსგავსება საფინანსო კომპანია "საქართველოს" შეთავაზებებს, რომელიც თავის კლიენტებს 30%-იან მოგებას სთავაზობდა. საბანკო სექტორმა 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, უკვე მიიღო კაპიტალზე 27%-იანი მოგება.
მაგალითისთვის რამდენიმე საინტერესო მონაცემს დაგისახელებთ: უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება, ანუ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ იანვრამდე 80%-ით, ანუ 890 მილიონი დოლარით გაიზარდა. მხოლოდ 2016 წელს ზრდამ 22% შეადგინა, თანხობრივადაც ყველაზე დიდი მატება ამ წელს იყო - უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება 348 მილიონი დოლარით გაიზარდა. სხვათა შორის, ამავე წელს ყველაზე მაღალი იყო ავტომობილების იმპორტიც და მან 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ადგილობრივ ბიზნესზე უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა იმავე 2013-2016 წლების პერიოდში მხოლოდ 163 მლნ დოლარით მოიმატა, რაც 5,5-ჯერ ნაკლებია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაზარდზე.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, იმავე 4-წლიან მონაკვეთში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული სესხები 2,46 მილიარდი ლარით გაიზარდა, ადგილობრივ ბიზნესზე გაცემული სესხები კი - 1,17 მილიონი ლარით, ანუ ორჯერ ნაკლებად.
ბანკების მომგებიანობა კაპიტალზე 2012 წლის ბოლოს 7,9% იყო, ახლა კი, 2017 წლის პირველ კვარტალში, ეს მონაცემი 27,6%-ია, რაც მომგებიანობის 3,5-ჯერ გაზრდას ნიშნავს. ბანკების მომგებიანობა აქტივებზე 2012 წლის ბოლოს 1,3% იყო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 3,1%-ია - შესაბამისად, გაზრდილია 2,4-ჯერ.
კომერციული ბანკების მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი ორიენტირებულია მოკლევადიან მაღალპროცენტიან, სამომხმარებლო და სავაჭრო დანიშნულების სესხებზე, ხოლო წარმოების რეალური სექტორი, რომელიც გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს, უყურადღებოდ არის დატოვებული.
მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე რეგულაციების პოლიტიკის გასატარებლად ხელსაყრელ ვითარებაზე მიუთითებს. კომერციულ ბანკებს რომ მომგებიანობის ცუდი მაჩვენებლები ჰქონოდათ, შეიძლებოდა, რეფორმები უფრო ფრთხილად დაგვეგეგმა, ხოლო როცა მათი მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა, მაშინ უნდა წამოიწყო რეფორმები, მაკრორეგულაციები და თამამი ნაბიჯები გადადგა.
გერმანიის განვითარების ბანკის, ფრანკფურტის ფინანსების სკოლის კვლევისა და აგრეთვე, სავალუტო ფონდის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტება ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამ ორგანიზაციების საერთო რეკომენდაციებია: სავალუტო რისკისგან დაუცველ პირებზე უცხოური ვალუტით ფულის სესხების შეზღუდვა (ამისთვის უნდა შეამცირონ სამომხმარებლო სესხები და დააწესონ ლიმიტი, რათა სესხი შემოსავლის მიხედვით გაიცეს); საცალო დაკრედიტების შეზღუდვა და საცალო კრედიტებზე სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტების დაწესება. ამ ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება საინვესტიციო სესხებს გაზრდის და ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას დააჩქარებს.
საქართველოს წმინდა ეროვნული დანაზოგი, ანუ ქვეყანაში არსებული დანაზოგი წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. კომერციული ბანკის ფუნქციაა, დანაზოგები გარდაქმნას ინვესტიციებად. სხვათა შორის, ბოლო 4 წელიწადში ჯამურად უფრო მეტი დანაზოგი შეიქმნა, ვიდრე 2003-დან 2012 წლის ჩათვლით. საბანკო-საფინანსო სექტორის სწორი რეგულირების ფონზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დანაზოგების გარდაქმნა ინვესტიციად. სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ დროს აუცილებელია მონეტარული და ფისკალური ღონისძიებების გატარება. მთავრობის მხრიდან სპეციალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მიეცემა, წარმოების დაკრედიტებაზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზი შექმნას.
სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუდვით, რეფინანსირების ზოგადი განაკვეთის მატებითა და წარმოებაზე ორიენტირებული რეფინანსირებისთვის ხაზის გახსნით შესაძლებელია ფულადი ნაკადების იმგვარად მართვა, რომ ადგილობრივ წარმოებას სტიმული მიეცეს ინფლაციისა და ფულის მასის ჭარბი ზრდის გარეშე. დღეს რეფინანსირების სესხებს ჩვეულებრივად გასცემს ეროვნული ბანკი. კარგი იქნებოდა, რეფინანსირების ცალკე ხაზიც იყოს წარმოებისთვის და ბანკს შესაძლებლობა ჰქონდეს, დააკრედიტოს წარმოება და არა სამომხმარებლო სექტორი. ამ სექტორის მასშტაბურმა დაკრედიტებამ უკვე მიგვიყვანა ჭარბვალიანობამდე და იქამდე, რომ მოსახლეობა თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სესხის მომსახურებაში იხდის. ჯერ კიდევ 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განგაშს ტეხდა და ამბობდა, მოსახლეობის მესამედი თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს ვალის მომსახურებაში იხდისო.
ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი ეფექტი რომ მოგვცეს, აუცილებელია არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარება, საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება, სადაზღვევო სისტემის გაძლიერება, კერძოდ, სავალდებულო-საყოველთაო საპენსიო შენატანების სქემის ამოქმედება. საპენსიო რეფორმა, საპენსიო ფონდების შექმნა და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე ქმედითი გამოსავალი ამ ვითარებიდან. ამით გაჩნდება ფული, ე. წ. გრძელვადიანი ლარი, რომელიც საბანკო და სხვა სექტორს შეუძლია საინვესტიციო რესურსად გამოიყენოს. ბანკს წუწუნისთვის მიზეზი არ ექნება, რომ არა აქვს გრძელვადიანი თანხა ინვესტირებისთვის; მოკლევადიანი ანაბრები და დეპოზიტები მაქვს და როგორ გავაკეთებ გრძელვადიან ინვესტირებასო, ამას ბანკი ვეღარ გეტყვის. თავს ხომ ამით იმართლებენ და ამბობენ, რომ ამიტომაც არიან მოკლევადიან სესხებზე ორიენტირებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა. უამისოდ ქვეყანა სისტემურად მოწესრიგებული არ არის. ამ ყველაფრით გაიზრდება ინტერესი ბიზნესდაკრედიტების მიმართ და საქართველოში სხვაგვარი საბანკო კულტურა ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა, ეს საპროცენტო განაკვეთებზეც იმოქმედებს.
აუცილებელია ასევე ჯანდაცვის სავალდებულო დაზღვევის, ქონების სავალდებულო დაზღვევის (ბიზნესსექტორში) ამოქმედება და ე.წ. მესამე პირის დაზღვევის შემოღება ავტომფლობელებისთვის, რაც საპენსიო და სადაზღვევო ფონდებში წელიწადში ასეულობით მილიონი ლარის მობილიზების საშუალებას იძლევა გრძელვადიანი, სტაბილური შიდა ინვესტიციების უზრუნველყოფისთვის. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაითვალისწინებს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, მთავრობამაც ხელი უნდა შეუწყოს და შესრულდეს გაცხადებული ნება, რომ საპენსიო რეფორმა განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეიტინგში ისეთი ქვეყნების გვერდით ყოფნა, როგორიც არიან კონგო, კენია თუ გაბონი, მიუთითებს, როგორი ტიპის საბანკო სისტემა გვაქვს ჩამოყალიბებული ქვეყანაში".
მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
წყარო „კვირის პალიტრა"