ჩილიმ ბარები შესაძლოა დაიხუროს

პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ 17 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

შედეგად, 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა, საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებისა და კაზინოების გარდა, ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა-ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს) აიკრძალება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ჩილიმ ბარის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებას და როგორ აპირებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას. თუმცა, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ბიზნესი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორ, ან საერთოდ თუ გააგრძელებენ საქმიანობას.

როგორც აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ჩილიმ ბარში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ისინი მიმართულებას შეიცვლიან და ობიექტს რესტორნად გადააკეთებენ.

„ჩილიმის მოწევის აკრძალვის შედეგად, მოგებას რა თქმა უნდა დავკარგავთ. ჩილიმის მოსაწევად ვინც შემოდიოდა, დამატებით შეკვეთასაც აკეთებდა, ახლა კი კლიენტს და შესაბამისად მოგებასაც დავკარგავთ,“-აღნიშნეს ჩილიმ ბარში.

შარდენზე მდებარე ჩილიმ ბარში კი აცხადებენ, რომ გაურკვევლობაში არიან და ჯერ არც ჩამოყალიბებულან, როგორ გააგრძელებენ ან საერთოდ თუ გააგრძელებენ საქმიანობას.

„თვითონ კანონმდებლები არიან მგონი გაუგებრობაში. ჩილიმ ბარები ყველგან არის. სიგარეტის მოწევა შეიძლება აიკრძალოს, თუმცა, როდესაც ბარს ჩილიმ ბარი აწერია, იქ არამწეველი არ შევა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ალბათ ასეთი ობიექტების ნაწილი ახალ მიმართულებას მოსინჯავს და გადაკეთდება, ნაწილი კი დაიხურება. მომხმარებელს რაც შეეხება, მხოლოდ 30%-ია ქართველი, დანარჩენი ტურისტები, უმეტესად არაბული ქვეყნებიდან არიან, სადაც განსაკუთრებით პოპულარულია ჩილიმი,“-აღნიშნეს ჩილიმ ბარში.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა იმის გარკვევას თუ რამდენი ჩილიმ ბარია დედაქალაქის თუ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ოფიციალური მონაცემი ამის შესახებ არ არსებობს. ერთ-ერთ ჩილიმ ბარში კი გვითხრეს, რომ თბილისში დაახლოებით 30 ასეთი ობიექტი მუშაობს.