ტერეზა მეი - ევროკავშირს „ბრექსითის“ საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება არჩევნების ჩატარებიდან 11 დღეში სურს

ევროკავშირს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 11 დღეში სურს.

აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Telegraph იუწყება, ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლის ტექსტზე დაყრდნობით.

„17 დღე რჩება მნიშვნელოვან არჩევნებამდე. სულ რაღაც 11 დღეში არჩევნების შემდეგ, 20 ივნისს, ევროკავშირს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება სურს „ბრექსითის“ საკითხზე. დიდი ბრიტანეთის ადგილს მოლაპარაკებების მაგიდაზე ან მე დავიკავებ ან ჯერემი კორბინი, „ლეიბორისტების პარტიის“ ლიდერი“, - ნათქვამია ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლის ტექსტში.

ტერეზა მეის თქმით, ივნისში „ახალ მთავრობას დრო არ ექნება, რათა ახალი გზა იპოვოს. ამიტომაც ამ არჩევნებზე ფსონი ძალიან მაღალია“.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება.