ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის შემთხვევაში, სახელმწიფო წლიურად 20 ათას ლარის ოდენობის სასწავლო გრანტით დააფინანსებს.
აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა და მას ხელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
„საქართველოს იმ მოქალაქეების, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე განაგრძობენ, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 20 ათასი ლარით განისაზღვრა.
ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს სტუდენტის ჩარიცხვის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.
დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, შესაბამისმა პირმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც შემდეგი დოკუმენტები უნდა დაურთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მას შემდეგ რაც პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის ზემოთაღნიშნულ დადგენილებასთან შესაბამისობა დადგინდება.