საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ტარიფები დაწესდა

საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ახალი ტარიფები დაწესდა. როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან იუწყებიან, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები დააწესა.

„გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილური) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები“, - აცხადებენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.