„სტარტაპ საქართველო“ ხვალ ღია კარის დღეს მართავს

„სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული პირებისთვის ხვალ მორიგ ღია კარის დღეს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, „სტარტაპ საქართველოს“ კოორდინატორები პოტენციურ აპლიკანტებს ტექნოლოგიურ პარკში შეხვდებიან.

ღია კარის დღეზე მოწვეული არიან ასევე ის სტარტაპერები, რომელთა ბიზნეს იდეებმა მიიღეს „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსება და უკვე მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე. ინოვაციური კომპონენტის სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, აქედან 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17:00 საათზე)

მათივე ინფორმაციით, „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტგვერდზე - www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 03 31 23

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით “საპარტნიორო ფონდი” და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.