ერთი თვის შემდეგ, შესაძლოა, ბინები გაძვირდეს

ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება.

უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს, ერთი მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველების მოზიდვას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაკლერების აზრით, ივლისიდან ბინებზე ფასი გაიზრდება, რასაც არ ეთანხმებიან ურბანისტები, რომელთა აზრითაც, უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი შეიცვლება. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ლარი მხოლოდ ფორმალურად იქნება ანგარიშსწორების საშუალება, რადგან ფასს მყიდველიც და გამყიდველიც ისევ დოლარის კურსით დაიანგარიშებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბინებზე მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობაა. მოსახლეობაში ფული არ ტრიალებს. ბოლოდროინდელი ფინანსური კრიზისის გამო, უძრავი ქონებისადმი ინტერესი შენელდა.

ივლისიდან ლარში ფასდადების გამო ბინების გაძვირებას გამორიცხავს ურბანისტი, პროფესორი ლადო ვაროსანიძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, უძრავი ქონება ფორმალურად ლარში გაიყიდება, მაგრამ ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება. ვარდოსანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსახლეობა, სურვილის მიუხედავად, ბინის შეძენას ვერ ახერხებს. ამის მზეზი ფინანსური კრიზისია.

"არა მგონია, უძრავი ქონების ლარში გაყიდვამ ბინები გააძვიროს. ჩემი აზრით, ლარი ფორმალურად იქნება, ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება. უძრავი ქონების ეროვნული ვალუტის მეშვეობით შესყიდვა, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ლარის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ეტაპობრივად დაინერგება ლარში ფასდადება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. წელს დაწყებულ მშენებარე კორპუსებში (რომლებიც მომავალ წლებში დასრულდება) ფართები ლარში გაიყიდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დოლარის გავლენა აუცილებლად იქნება ფასის ფორმირებისას.

ზოგადად ამ ეტაპზე ბინების რეალიზაცია ნაკლებად ხდება. ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. შეიძლება ბევრს უნდა სახლის შეძენა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს", - განაცხადა ვარდოსანიძემ.

წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირს შპს "მაკლერჰაუსის" დირეტორ თენგიზ გადელიას, თუმცა, მისი ვარაუდით, შეიძლება, ბინების ლარში ფასდადებამ უამრავი ქონება გააძვიროს კიდეც. გადელია ადასტურებს, რომ გასაყიდად გამოტანილ ბინებზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე თვეა, საგრძნობლად შემცირებულია.

"პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია. ბევრი ამბობს, მყიდველი უძრავი ქონების ეროვნულ ვალუტაში ფასდადებას ელოდება და შემდეგ გააქტიურდებაო, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა.

ლარში ფასის დადგენა არაფერ შუაშია, მოთხოვნამ ფინანსური პრობლემების გამო იკლო. ხალხს სურვილი აქვს, ფული კი არა, ბინა შეიძინოს. ივლისიდან, როდესაც ბინები დოლარის ნაცვლად ლარში გაიყიდება, ვფიქრობ, ფასი გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ჯერ პროცესი არ დაწყებულა და წინასწარ მიჭირს ზუსტი დასკვნის გაკეთება", - განუცხადა "რეზონანსს" გადელიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"