სამხრეთ კორეის მთავრობამ საქართველოს ხუთი მინი ავტობუსი საჩუქრად გადასცა

სამხრეთ კორეის მთავრობამ საქართველოს მთავრობას დახმარების პროგრამის ფარგლებში, 5 მინი ავტობუსი საჩუქრად გადასცა.

თბილისში ”ჰიუნდაის” ცენტრში გამართულ ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და საქართველოში კორეის საელჩოს დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი.

როგორც დავით ჯალაღანიამ განაცხადა, მინი ავტობუსების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა. საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.

დავით ჯალაღანიას თქმით, ბოლო წლებში ახალი ინტენსივობა შეიძინა საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობამ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კორეა წარმატებული ინვესტორი ქვეყანაა და ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს ზემო სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის სახით, კორეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო დონის კომპანია ”ქეი ვოთერი” საპატრნიორო ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, რომ წელს საქართველო და სამხრეთ კორეა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. კორეის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.