ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

როგორც ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საქართველოს მოსახლეობა ჭარბვალიანობით გამოირჩევა.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან.

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ).

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე მეტს არ იხდიდეს ყოველთვიურად სესხის დასაფარად. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის კი ეს ლიმიტი უნდა იყოს არაუმეტეს 20%.

2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა, შეიძლება ითქვას განზრახ, სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები: „გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე!“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს და სესხის დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური.

იმედისმომცემია, რომ დღეს ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირობებში ოფიციალურად გაცხადდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების მზაობა.

ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარების და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში,"- წერს დუნდუა.