საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე ტიპის საკრედიტო ვალდებულება აქვს, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებს. ხალხს ყოველთვიურად კრედიტის საშუალებით გააქვს თავი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს ვალაუვალი მსესხებლები ცდილობენ, ერთი კრედიტი მეორით ჩაანაცვლონ. ამით უფრო მეტად იტვირთავენ თავს ვალდებულებით, რომლის მომსახურება არ შეუძლიათ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში, საქმე სოციალურ აფეთქებამდე მივა.
მოსახლეობის უმრავლესობას ორი და მეტი საკრედიტო ვალდებულება აქვს. ქვეყანაში ფული ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა დიდია. საბანკო სფეროს სპეციალისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
"საქართველოში უმრავლესობა ვალით ცხოვრობს და ამაზე არავინ ვდავობთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. მაგალითად, აშშ-ის ერთ სულ მოსახლეზე ვალის წილს თუ ავიღებთ, ბევრად ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან. განვითარებად ქვეყნებში ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრობენ სესხით. საქართველოშიც უმეტესობას ყოველთვიურად კრედიტის საშუალებით გააქვს თავი.
მსესხებლები მუდმივად ცდილობენ, ერთი საბანკო ვალდებულება მეორით გადაფარონ. ამით ისინი უფრო მეტად იტვირთავენ თავს სასესხო ვალდებულებით. ვერავის ავუკრძალავთ პარალელური სესხის აღებას, მაგრამ კრედიტებზე ასეთი დამოკიდებულება სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. ეს პროცესი მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეაჩერა. ერთადერთი გამოსავალი, რომ ხალხი საბანკო ვალდებულებებზე აღარ იყოს დამოკიდებული ან დროულად შეძლოს ვალის დაფარვა, არის ის, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბერძენაძემ.
მოსახლეობაში ჭარბვალიანობას საბანკო ბაზრის არაჯანსაღი კონკურენცია იწვევს. ოლიგოპოლიის პირობებში კომერციული ბანკები მსესხებლებს მისაღებ პირობებს არ სთავაზობენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველი 1 000 ადამიანიდან 678 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი.
ეს 2015 წლის კვლევაა, მაგრამ სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.
"ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე მეტს არ იხდიდეს ყოველთვიურად სესხის დასაფარად. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისათვის ეს ლიმიტი უნდა იყოს არაუმეტეს 20%", - ამბობს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა, რომლის აზრითაც ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან.
სავალალო შედეგამდე მიდის ადამიანი, რომელიც ერთი საბანკო ვალდებულების მეორით გადაფარვას ცდილობს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ სწორედ ასეთ ვითარებაშია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს, რადგან კომერციული ორგანიზაციების ინტერესი მოსახლეობისთვის შეღავათის დაწესება არ არის.
"ქვეყანაში არ არის ფული, შესაბამისად, მასზე მუდმივად დიდი მოთხოვნაა. არა მხოლოდ საბანკო სესხები, არამედ ონლაინ სესხებიც ძალიან აქტუალური იყო ბოლო დრომდე, სანამ შეზღუდვა დაწესდებოდა. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანი 1000%-იან სესხს არ აიღებს, რომ არა ფინანსური გაჭირვება. ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რა მდგომარეობა იყო და არის, მსგავსი სახის მომსახურებით რომ სარგებლობს ადამიანი.
სოციალური ფონი მძიმეა, ხალხი ცდილობს, ერთი ვალი მეორე სესხით გადაფაროს, რითიც სავალალო შედეგამდე მიდის. საბანკო სფერო არის კერძო სექტორი, რომელიც ცდილობს, მაღალი მოგება მიიღოს, შესაბამისად, მათი მხრიდან მსესხებლებზე შეღავათის დაწესება გამორიცხულია. ამიტომ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე, მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც უნდა იზრუნოს.
ერთადერთი გამოსავალია, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ სესხზე დამოკიდებულნი ნაკლებად იყვნენ. თუ კრედიტს საჭიროების შემთხვევაში აიღებენ, მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დროულად დააბრუნონ თანხა, პირობები, რასაკვირველია, მისაღები უნდა იყოს", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"