"დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი ვალდებულება, თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ჯანმრთელობა"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, სადაც ერთი მხრივ, დაცული იქნება შრომის უფლებები, მეორე მხრივ, არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი.

პრეზიდენტის თქმით, ამ მხრივ ბალანსის დაცვა საკუთარ თავზე გარკვეულწილად შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს.

“სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულება, საკუთარი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ღირსება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ ფონზე შრომის ინსპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა ტრადიციულად არის დილემური, პრობლემური საკითხი, რომელიც არაერთხელ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა. იმ მომენტიდან, როცა შრომა იქნა გააზრებული, როგორც პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, გაჩნდა დილემა, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ქმნის პროდუქტს – არის ის პროდუქტის შექმნის შემადგენელი ნაწილი, თუ არის ცოცხალი არსება, რომლის მიმართ როგორც ცივილიზებულ, როგორც ჰუმანურ არსებებს გვაქვს არა დამოკიდებულება, რომელიც მის ქმედებას კაპიტალის ფორმით აფასებს, არამედ გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე პრეზიდენტმა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა, რომლის მთავარ თემას შრომითი ინსპექცია და საქართველოში მისი მომავალი წარმოადგენს.