უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

უმუშევრობის დონე საქართველოში გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

„საქსტატის“ თანახმად, 2016 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში თვითდასაქმებულთა წილი ჭარბობს. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს პრაქტიკულად არ შეცვლილა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით, გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით.

მათივე ცნობით, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შესაბამისად 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ა.რ.-ში, შესაბამისად 2.5 და 2.1 პროცენტული პუნქტით.

„დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 8.8 და 14.2 პროცენტი შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 42.0 და 21.8 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 58.0 და 78.2 პროცენტი შეადგინა.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე უცვლელია, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 52.9 და 67.1 პროცენტი შეადგინა,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (31.9 პროცენტი), რაც 5.7 პროცენტული პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.