გიგლა აგულაშვილი - თუ ავტომანქანიდან დანაგვიანების ფაქტი დაფიქსირდება, მოხდება მფლობელის იდენტიფიცირება და დაჯარიმება

თუ ავტომანქანიდან დანაგვიანების ფაქტი დაფიქსირდება, მოხდება მფლობელის იდენტიფიცირება და დაჯარიმება , - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მიდიხართ და თქვენს წინ მიმავალი ავტომანქანიდან არის დანაგვიანების ფაქტი. ჩვენ მალე ავაწყობთ სისტემას, ახლა შეიქმნა ამის სამართლებრივი ბაზა იმისთვის, რომ თუ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მთლიან სისტემაში მოხდეს ავტომანქანის მფლობელის იდენტიფიცირება და ისევე როგორც ვიდეოჯარიმები მოსდის ავტომფლობელებს, ასეთივე სისტემა შევქმნათ“, - განაცხადა აგულაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და ნარჩენების მართვის კოდექსებში შესატან ცვლილებებს მოიცავს, უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.