თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტრამვაის ხაზიც დაემატება (ვიდეო)

კომპანია CDIA თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების გეგმაზე მუშაობს, რაც ტრამვაის ხაზის დამატებასაც ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ასათიანი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„პირველი ეტაპი ავტობუსის ინდივიდუალური სავალი ნაწილის მოწესრიგებაა, შემდეგი ეტაპი უკვე მოწესრიგებულ ავტობუსების ხაზზე ტრამვაის ხაზების დამატება. პირველი ნაბიჯი ივნისში გადაიდგმება. კერძოდ მელიქიშვილის გამზირზე იზოლირებული ავტობუსის ხაზი მოეწყობა. რუსთაველიდან მომავალი ავტობუსები ვაკის რაიონისკენ იმოძრავებენ მელიქიშვილის გავლით და აღარ მოუწევთ კოსტავას ქუჩის და ვარაზის ხევის გავლა“, - წერს ასათიანი.

როგორც გიორგი ასათიანმა „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, პროექტი კომპანია CDIA-მა თბილისის მერიას მოუმზადა. მისი დასრულებისთვის კი 2030 წელია გათვალისწინებული.

სტრატეგია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს, ესენია:

1. ავტობუსების რესტრუქტურიზაციის და პრიორიტეტების განსაზღვრა

2. სწრაფი სატრანზიტო დერეფნების გამოსამჟღავნებლად მრავალი კრიტერიუმის ანალიზი

3. ავტობუსების სწრაფი ტრანზიტის ე.წ "BRT" გეგმა

4. ტრამვაის კონცეპტუალური გეგმა

5. ასევე შედარება "BRT"-სა და ტრამვაის (რომელი საზ. ტრანსპორტი სად ჯობია განვითარდეს)

6. ბოლოს ქალაქის მასშტაბით პარკირების სტრატეგია.

"ამჟამად CDIA მუშაობს მეორე მნიშვნელოვან პროექტზე ეს არის თბილისის მეტროს მოდერნიზება. CDIA-ს კვლევის და რეკომენდაციის მიხედვით, ზაფხულში მელიქიშვილის გამზირზე მოეწყობა ავტობუსის იზოლირებული ხაზი ე.წ "Bus Lane". ავტობუსებს ექნებათ პრიორიტეტი, იმოძრაონ რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კოსტავას ქუჩის და ვარაზის ხევის გვერდის ავლით.

ზემოთ დავასახელე ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც კომპანია CDIA-მ იმუშავა, კერძოდ, ავტობუსების სწრაფი ტრანზიტის გეგმა, რაც გულისხმობს: დიდი დიღმიდან მარჯანიშვილის მიმართულებით დამოუკიდებელი ავტობუსის ხაზების შექმნას. აღნიშნული გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფ გადაადგილებას ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართულებით, როგორიც არის საავადმყოფოები დიღომში, ასევე დინამოს სტადიონი. გარდა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა, ქალაქის მერიის მიერ დიდი ყურადღება ექცევა ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარებას, ამრიგად, კომპანია CDIA-მ მოამზადა 10 პუნქტიანი გეგმა," - განუცხადა გიორგი ასათიანმა „ბიზნესპრესნიუსს".

bpn