"მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად, რთული პროცედურები გაუმარტივდებათ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების შესახებ ინიციატივა დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და მას ამისთვის მადლობას უხდის.

“საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვიხილავთ ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უნდა უწევდეთ იმ რთული პროცედურების გავლა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ შემდგომში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების დარჩენას აქტიურად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შესაძლოა კანონმდებლობაში გაუქმდეს ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ამავე დროს იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.