სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდა 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო და სატრანსპორტო საშუალება ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.