„საქართველოს რკინიგზამ“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა

26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათი ცნობით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც მგზავრობა 26 მაისს გადაწყვიტეს, მატარებლებში სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღეს.

„სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულმა კონსულტანტებმა მატარებლებში ვიქტორინები გაათამაშეს. გამარჯვებულებმა კი, სამახსოვრო პრიზები მიიღეს. ყველა მატარებლებში დაჯილდოვდნენ გამორჩეული მგზავრები, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმგზავრეს.

აღსანიშნავია ის, რომ სწორედ 26 მაისს, თბილისი-ბათუმის მატარებელში აღმოჩნდა ის მგზავრი, რომელსაც წლის განმავლობაში მატარებლით მგზავრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. ეს ქალბატონი ნინო ბაკურაძეა, რომლისთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა „საქართველოს რკინიგზის“ საჩუქარი.

„საქართველოს რკინიგზის“ ყველა მგზავრისათვის დაუვიწყარი იქნება 26 მაისის მატარებლით მგზავრობა. „საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კიდევ უამრავ სიურპრიზს გპირდებათ“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.