აუდიტის სამსახური - საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს: წლის განმავლობაში საჯარო უწყებების სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებულ გეგმებში განხორციელებული ხშირი და მასშტაბური ცვლილებები; შეწყვეტილი და არშემდგარი ტენდერების დიდი ოდენობა; ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყების წინაშე არ იდგა; შესყიდვის პროცესში საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში არსებული ხარვეზები; შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების სწორად განსაზღვრასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და სხვა;

რაც შეეხება დანარჩენ მიგნებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში ჩამორჩენით ხასიათდებოდა დღგ-დან და დივიდენდებიდან მიღებული შემოსავლები - 2016 წლის განმავლობაში დღგ-დან მობილიზებული შემოსავლების ოდენობა 516 მლნ ლარით ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს. რაც შეეხება დივიდენდებს, სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებიდან ბიუჯეტში მისამართი დივიდენდების წლიური გეგმა 2.5 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდები მიმართა სულ 30-მა საწარმომ, ჯამურად 717.1 ათასი ლარის ოდენობით, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 28.7% შეადგენს.

„ამასთან, 2016 წლის განმავლობაში „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის“ (შემდგომში კომისია) სხდომა არ გამართულა, ხოლო გასული წლების სხდომის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება;

საბიუჯეტო წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდის ტენდენცია - 2016 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების ჯამური მოცულობა 2016 წლის 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 151.7%-ს შეადგენს. აღნიშნული განპირობებულია, საბიუჯეტო წლის ბოლოს ავანსების სახით ისეთი ღონისძიებების დაფინანსებით ან საქონლის/მომსახურების შესყიდვით (ზოგჯერ შესყიდვების გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად), რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა. წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა კი, როგორც გასული წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს;

„შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას - აღნიშნული მუხლი არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არამხოლოდ „შრომის ანაზღაურების“, არამედ „სუბსიდიებისა“ და „სხვა ხარჯების“ მუხლებიდანაც, საიდანაც 2016 წლის განმავლობაში ამ მიმართულების ათვისებულმა თანხამ 53,026 ათასი ლარი შეადგინა;

მხარჯავი დაწესებულებებისათვის ახალი ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების წარმოდგენის კონკრეტული ვადა დღემდე განსაზღვრული არ არის, რაც ოპტიმიზაციის პროცესის გაჭიანურების ძირითადი მიზეზი ხდება - მიმდინარე მდგომარეობით დამტკიცებულია მხოლოდ 5 სამინისტროს ოპტიმიზაციის გეგმა. აღნიშნულის შედეგად, სამინისტროების დიდი ნაწილისათვის ოპტიმიზაციის გეგმების დამტკიცება და მთავრობის N121 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ძალაში შესვლა არ მომხდარა;

ადგილი აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსებას - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, თუმცა, ხშირ შემთხვევებში ფონდის სახსრები მიიმართება სისტემატური/ყოველწლიური ხასიათის მქონე ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გათვალისწინება;

საგარეო ვალდებულებებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში შეფერხებებით ხორციელდება გამოყოფილი საგარეო საკრედიტო რესურსის ათვისება და შესაბამისად, პროექტების განხორციელება, რის შედეგადაც სესხის აუთვისებელ ნაწილზე ბიუჯეტიდან გაწეულია სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები, ვალდებულების გადასახადის სახით. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არ ხდება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ვალდებულებების სახელმწიფოს ვალის პორტფელში აღრიცხვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ხელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ვალდებულების დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

პროგრამული ბიუჯეტირების მიმართულებით იდენტიფიცირებული ხარვეზებია - 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამის ინდიკატორების 41%-ს მიზნობრივი მაჩვენებელი არ გააჩნია; პროგრამის ფარგლებში არ ხდება ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა; განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა, რიგ შემთხვევებში ხდება აგრეგირებულად, პროგრამების დონეზე და არ ითვალისწინებს მათ შემდგომ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად; შესრულების შესახებ ანგარიშგება სრულად არ მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტის კანონზე თანდართული პროგრამული დანართით განსაზღვრული ყველა პროგრამის შესახებ; გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორებთან მიმართებაში; რიგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების შეფასებას და ა.შ.“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.