სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად სოციალური კამპანია იწყება

სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრვალშვილიანი და მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად სოციალური კამპანია „ასე უფრო მარტივია“ იწყება.

2017 წლის მაის-ივნისში საქართველოს ლატარიის კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი 1 თვის მანძილზე წინასწარ შერჩეულ ბენეფიციარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და პროდუქტებით დაეხმარებიან.

კამპანია „ასე უფრო მარტივია“ - ამ ეტაპზე 4 რეგიონსა და 12 მრავალშვილიან ოჯახს მოიცავს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში სასაჩუქრე გზავნილებს მიიღებენ.

“ვიცით რომ ამ პროექტს არა ერთი ოჯახი მოუთმენლად ელის. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კერძო და არასამთავრობო სექტორის ძალების ერთიანობით სოციალური პროექტები უფრო მეტად წარმატებული და შედეგიანია. ლატარიის კომპანიის ყველა სოციალური პროექტი იმით არის განსაკუთრებული, რომ მას რეალურად ყველა ის ადამიანი ახორციელებს, ვინც ლოტო 6/36-ის თუნდაც ერთ ბილეთს ყიდულობს”, - აცხადებს საქართველოს ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი ანა იასეშვილი.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელენე რუსეცკაიას თქმით, ტექნიკა პირველ რიგში ქალებს შრომას გაუმარტივებს.

“მათ გამოუთავისუფლდებათ დრო პირადი სივრცისათვის, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისათვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურებისთვის, შვილებთან და ოჯახის წევრებთან მეტი ურთიერთობისათვის. ცხოვრება ასე უფრო მარტივია. ჩვენი ორგანიზაცია იცნობს ასეთ ოჯახებს, ვმუშაობთ მათთან და ვთვლით, რომ ბიზნესთან თნამშრომლობა მეტ შედეგს მოიტანს“, - ამბობს ელენე რუსეცკაია.

კამპანიის პირველი ეტაპი 2016 წელის დეკემბერში განხორციელდა, ამჯერად ბენეფიციარების რაოდენობა და დაფარვის არეალი გაიზარდა.