4 ქვეყნის მიერ ყატართან ურთიერთობის გაწყვეტის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საუდის არაბეთის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ყატართან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 1,1%-ით გაიზარდა და ბარელზე 50,48 დოლარს მიაღწია. 1%-ით ბარელზე 48,17 დოლარამდე გაიზარდა ფასი აშშ-ის ნედლ ნავთობზე.

დილის ვაჭრობისას 0,6%-ით დაეცა დუბაის საფონდო ინდექსი DFMGI.

როგორც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ყატარის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რომელიც მიმართულია ბაჰრეინის უსაფრთხოების დესტაბილიზაციაზე, შიდა საქმეებში ჩარევაზე, ტერორიზმის მხარდაჭერასა და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების დაფინანსებაზე, რომლის მიზანი ბაჰრეინში ქაოსის შექმნაა.

საუდის არაბეთმა თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფით განმარტა.

„საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო უწყების კომუნიკეში.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს იმ ფაქტის გამო, რომ ყატარი ხელს უწყობს „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გავრცელებას, სინას ნახევარკუნძულზე ტერორიზმის მხარდაჭერას და ეგვიპტის შიდა საქმეებში ჩარევას.