„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - არგუმენტები, რითაც ხელისუფლება ამართლებს თვითმმართველობების გაუქმებას, მიუღებელია

ის არგუმენტები, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, რითაც ხელისუფლება ამართლებს 2014 წელს შექმნილი თვითმმართველობების გაუქმებას, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საუბრობენ გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რაც დამახასიათებელია, არა მარტო ამ 14 თვითმმართველი ერთეულისთვის, არამედ ზოგადად, ყველა მუნიციპალიტეტისთვის საქართველოში ანუ თუკი ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუროკრატიული დანახარჯები, მათ კი არ უნდა გააუქმონ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტები, არამედ უნდა გადადგან სხვა ნაბიჯები, რითაც საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღებთ იმას, რომ შემცირდება ადმინისტრაციული დანახარჯები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების გაუქმების ხარჯზე. მუნიციპალიტეტების გაუქმება, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, აზარალებს ადგილობრივ დემოკრატიას და ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", - განაცხადა არჩილ თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა პარლამენტში, დახურულ ფორმატში გაიმართა. მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრებოდნენ.