"რეზონანსი" - გაზის ტარიფის ზრდას გაძვირების ახალი ტალღა მოჰყვება

ივნისში გაზის ტარიფი შეიცვლება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, დაუბრუნდება თუ არა ძველ, 50-თეთრიან ნიშნულს. ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ გაზის ტარიფის ზრდა მოსახლეობას ზამთრის თვეებში წელში გაწყვეტს.

სემეკი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას ინფორმაციით, კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ. ესენია განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია: "ყაზტრანსგაზი", "საქორგაზი" და "სოკარ ჯორჯია გაზი", ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტი - "გაზის ტრანსპორტირების კომპანია".

"ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს. არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში. ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში, თუმცა ძალაში შესვლის თარიღს სემეკი განსაზღვრავს", - განაცხადა მილორავამ.

საბოლოო გადაწყვეტილება გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. სემეკის პრესსამსახურის უფროსი ქეთი ბერიკაშვილი ამბობს, რომ საჯარო სხდომაზე, სადაც დეტალური განხილვა მოხდება, ყველა მსურველს შეეძლება დასწრება.

"ამ ეტაპზე დეპარტამენტები მუშაობენ. ანალიზის დასრულების შემდგომ კომისიაში ჩაინიშნება საჯარო სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური პროექტი, მოხდება მისი საჯარო განხილვა და ამ პროცესის შემდეგ საჯარო სხდომაზე მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბერიკაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბუნებრივი აირი მომხმარებელს მართლაც გაუძვირდეს.

"მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. ბევრი წელია, ტარიფის გადახედვა არ მომხდარა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ, რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

გადასახადის გაზრდას ხელოვნურ პროცესს უწოდებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, "ყაზტრანსგაზმა" დააყენა პრეტენზია, არბიტრაჟის მეშვეობით 180 მილიონს ითხოვს და, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, გაძვირდეს ტარიფი, რათა მოსახლეობის ხარჯზე გადაიფაროს გადასახადი. ჭიჭინაძის თქმით, ბუნებრივი აირის გაძვირება ინფლაციას ერთბაშად გაზრდის.

"გაზის ტარიფის ცვლილება არ შეესაბამება რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები აცხადებენ, გაძვირება აუცილებელიაო, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ან რის საფუძველზე საუბრობენ, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ალბათ პოლიტიკური ნებაა ბუნებრივი აირის გაძვირება და იგი ხელოვნურ პროცესს ემსგავსება.

"ყაზტრანსგაზმა" დააყენა პრეტენზია, 180 მილიონს ითხოვს. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, გაზარდონ ტარიფი და მოსახლეობის ხარჯზე გადაიფაროს გადასახადი. ბუნებრივი აირის გაძვირება, რასაკვირველია, გამოიწვევს იმ პროდუქციაზე ფასის ზრდას, რომელთაც გაზის მეშვეობით ამზადებენ. ნებისმიერი მატება მოსახლეობას დააწვება ტვირთად და ამაზე არავინ ფიქრობს. სწორედ ასეთ დროს ხდება ინფლაციის ზრდაც და, სამწუხაროდ, წელს ჩვენ მივიღებთ ორნიშნა ინფლაციას", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაზის შესაძლო გაძვირების გამო პროდუქტებზე ფასის ზრდას ადასტურებს მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე. მისი აზრით, მიუხედავად მცდელობისა, მეწარმეებს ძველი ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მოსახლეობა გაძვირების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.

"ტარიფის ნებისმიერი გაზრდა პროდუქტის საბოლოო ფასზეც აისახება, ეს ადვილი გამოსაცნობია. სულაც არ გვინდა, მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდეს, მაგრამ უძლურები ვართ. ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში პროდუქციაზე ძველ ფასს ვერ დავტოვებთ. ძალიან რომ ვეცადოთ შენარჩუნებას, მაინც ვერ მოვახერხებთ.

მოსახლეობას მოუწევს, გაძვირების ახალ ტალღას შეეგუოს, პროდუქციის წარმოების დროს ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 20%-ია. მით უმეტეს, დედაქალაქში ძალიან ბევრი საცხობია, საკონდიტროებიც გაზზე მუშაობენ. შესაბამისად, ტარიფის გაზრდა ნამდვილად აისახება სარეალიზაციო ფასზე," - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დოლიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"