„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „ვერტიკალური პარკირების“ პრეზენტაცია „ვაგონმშენებელთა კომპანიაში“ გაიმართა

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის“ პრეზენტაცია და მისი ტექნიკური გამოცდა „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ბაზაზე მისი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და ასევე „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით ააგო.

პარკინგის სისტემა კარგად აპრობირებულია უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში და ის ავტოსადგომების განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. კონსტრუქციის შეძენა და შესაბამის ადგილზე განთავსება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე კერძო პირებს.

„ვაგონშემკეთებელ კომპანიაში“ გეგმავენ, რომ უახლოეს მომავალში პარკინგის სისტემის ტევადობა 20 ავტომობილამდე გაზარდონ.

ასევე, შესაძლოა, “ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ მიერ დამზადებული და „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებული ვერტიკალური პარკინგის სისტემა კარგი საშუალება აღმოჩნდეს რეკლამის განთავსებისთვის.

პირველი პროექტის პრეზენტაციას ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე, პროექტის ავტორები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში გამოავლინა. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.

bpn bpn bpn