მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირდა

ოქროს ფასმა ბოლო 7 კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

„კომექსის“ ოქროს ფიუჩერსი ტროას უნციაზე 1 296.40 დოლარამდე გაიზარდა, რაც 17 აპრილის შემდგომ უმაღლესი ნიშნულია.

ოქროზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც არაბული სამყაროს ქვეყნებმა კავშირი გაწყვიტეს ყატართან, რომელსაც ისინი ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

ოქროს გარდა, გაიზარდა მოთხოვნა ვერცხლზეც, რომლის ტროას უნციის ფასმაც 17.62 დოლარს მიაღწია. შუაღამისას ვერცხლის ფასი 17.71 დოლარამდე იყო გაზრდილი, რაც 25 აპრილის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ოქროზე ფასების ზრდა საფონდო, სავალუტო და სასაქონლო ბაზრებზე ინვესტორების მიერ რისკებისგან თავშესაფრის ძიებამ გამოიწვია. ასეთი ძირითადი აქტივები კი არის ოქრო, გერმანიის სახელმწიფო ობლიგაციები და იაპონური იენი. შესაბამისად, მათი ფასი იზრდება. რისკ ფაქტორებს შორისაა გამწვავებული სიტუაცია სპარსეთის ყურის რეგიონში, ბრიტანეთის არჩევნები და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი შეფის საქმის მოსმენები სენატში.

გარდა ამისა, ინვესტორები გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის სენატის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგომის მოლოდინში არიან. საქმის მოსმენები ხუთშაბათს არის დანიშნული და პროცესმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას პრეიზიდენტ დონალდ ტრამპს.

პარალელურად, ბრიტანეთში ITV-ს მიერ ორგანიზებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ხუთშაბათის არჩევნების წინ, რომ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კონსერვატიულ პარტიას, მხოლოდ 1-პროცენტიანი უპირატესობა აქვს ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან. უფრო ადრე ჩატარებული სხვა გამოკითხვები აჩვენებდა, რომ კონსერვატორებს გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ. თუ მეის პარტია სოლიდური უპირატესობით გამარჯვებას ვერ შეძლებს, ეს ბრექსიტის მოლაპარაკებისას მის პოზიციებს შეასუსტებს. კონსერვატორების მიერ უმრავლესობის დაკარგვას კი არეულობის გამოწვევა შეუძლია.

ეს ყველაფერი რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლებას და ინვესტორების რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე გადასვლას განაპირობებს. ოქროს ფასს ის ფაქტორიც ზრდის, რომ ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოსგან დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპის შენელებას ელის. ამ გარემოების გამო, კლებულობს მოთხოვნა დოლარზე და მისი ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან მიმართებაში დოლარის საშუალო მდგომარეობას ასახავს, კლებულობს. ნიუ იორკის სავაჭრო სესიის ბოლოს, დოლარის ინდექსი 96.69-მდე შემცირდა, რაც ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.