თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა

თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის რიგით მე-16 კონფერენცია საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია საბაჟო სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. მასში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციები, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მუკურია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი და სხვები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს საბაჟო სფეროში დანერგილ ელექტრონულ სერვისებს, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უახლოეს სისტემებს.