9-11 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

9-11 ივნისს, თბილისში, გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

„10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“, - აღნიშნა ნინო გამრეკელმა.

მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდება.

„წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი - თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები: საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ოფიციალურად 9 ივნისს, 11:00 საათზე გაიხსნება.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა.