გიორგი კვირიკაშვილი -  მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი პირზე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა.

„ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.