დიმიტრი ლორთქიფანიძე - მიწის საკითხზე ხელისუფლების გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ უდიდესი გამარჯვებაა

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან ამ წუთამდე ჩვენ ურყევად ვიდექით ჩვენს პოზიციაზე და გვჯეროდა ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობის , - ასე გამოეხმაურა დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქართული მიწის გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე კონსტიტუციით აიკრძალება.

როგორც ”დემოკრატიული მოძრაობიდან” იუწყებიან, ლორთქიფანიძის თქმით, სწორედ „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა იყო მიწის საკითხის წინ წამოწევა და მისი გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიწა გახლავთ განსაკუთრებული კულტურულ-სტრატეგიული ფასეულობა, რომ იგი არ არის განახლებადი რესურსი და ამასთანავე იგი წარმოადენს ქართველთა სამკვიდროს, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივაც ეხებოდა სწორედ ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვას. ჩვენი გუნდი მოითხოვდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, აიკრძალებოდა ქართული მიწის გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე. მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობისა, ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, დაფიქსირდა არსებითი განსხვავება ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრს შორის.

„ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაცრად უპასუხა საკონსტიტუციო განხილვებს. ჩვენმა თანამოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიწის გაყიდვის უფლებას არ მისცემდნენ და შედეგიც სახეზეა,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.