თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან პროგრამას უკვე 24-ე ბენეფიციარი ჰყავს. ამჟამად კი ქალაქ თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ჯგუფთან IHG (Intercontinental Hotel Group), რომელიც ითვალისწინებს ცნობილი ბრენდის Holiday Inn-ის ფრენჩაიზის ლიცენზიას. სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს მმართველი საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management, მომსახურე პერსონალისთვის ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგებს და სასტუმროს ამოქმედების დღიდან აქტიურად უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განვითარებას, რაც სამომავლოდ მომსახურების მაღალ ხარისხზე აისახება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს.

ახალი სასტუმრო, რომელიც კახეთში, ქ. თელავში, რუსთაველის #2-ში გაიხსნება, 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას.