ასტანაში "ექსპო 2017" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს "ექსპო 2017" ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა: "მომავლის ენერგია", ხოლო გამოფენა მუშაობას და დამთვალიერებლების მიღებას უკვე ხვალიდან დაიწყებს.

როგორც ასტანადან იტყობინებიან, ასტანაში ჩასულმა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებმა უკვე დაათვალიერეს გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები, ასევე გადაიღეს ერთობლივი ფოტოები.

ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება 17 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ესპანეთის მეფე ფელიპე VI, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრემიერი სი ძინპინი, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ღონისძიებაზე ტრადიციულად შვილთან ერთად მივიდა და სხვები. ყველა ოფიციალურ სტუმარს ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პირადად დახვდა.

ფუნქციონირებს საერთაშორისო მედიაცენტრი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 1200 წარმომადგენელია აკრედიტებული. დღევანდელი საღამო კი კონცერტით, ლაზერ შოუთი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს 115-მდე ქვეყნის წარმომადგენლები და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებენ. "ექსპო 2017"-ზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული სიახლეები. ყველა მონაწილე ქვეყანა საკუთარი პავილიონებით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის არის საქართველო, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ენერგოპოტენციალზე მიაწვდის ინფორმაციას.

"ექსპო 2017" ასტანაში სამ თვეს გასტანს და 2017 წლის 10 სექტემბერს დაიხურება.