საქართველოში "ონლაინ კლინიკა" ამოქმედდა

„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ონლაინ კლინიკა“ პრეზენტაცია გამართა. როგორც საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურიდან იუწყებიან, „ონლაინ კლინიკა“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ პროექტის ავტორთან, არჩილ შველიძესთან ერთად გახსნეს.

„ონლაინ კლინიკა“ ინტერნეტის მეშვეობით სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაცია კვალიფიციური და სერთიფიცირებული ექიმებისგან.

როგორც საპარტნორო ფონდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანალოგიური მომსახურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული და წარმატებულია. პროექტი საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და მორგებულია საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებზე.

ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ხდება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, მაღალი ხარისხის ვიდეო ზარების მეშვეობით. გარდა სამედიცინო კონსულტაციისა, ონლაინ კლინიკის ექიმები გასცემენ ელექტრონულ რეცეპტებს და ასევე მიმართვებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს ვებ გვერდზე http://www.onlineclinic.ge/, რომელიც პოტენციურ პაციენტს მომსახურების 12, 15 და 25 ლარიან პაკეტებს სთავაზობს. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის ტელეფონის ნომერია +995 32 2 88 00 81

„ონლაინ კლინიკის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ არა მხოლოდ საქართველოს მცხოვრებლებს, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსაც.

„ონლაინ კლინიკა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდმა“ 70 ათასი ლარით დააფინანსა, პროექტის ჯამური ღირებულება 80 ათას ლარს შეადგენს.

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.