მარიამ ვალიშვილი „ინტერ რაოზე“ - ”თელასის” მიერ გაწეული ხარჯები ტარიფში ადეკვატურად არის ასახული

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ”ინტერ-რაოსთან” მიმართებაში ქართული მხარის პოზიციები სამართლიანი და მყარია. როგორც ვალიშვილმა განაცხადა, ქართული მხარე ”ინტერ-რაოს” პრეტენზიებს არ ეთანხმება.

”ჩვენი პოზიციები არის სამართლიანი და მყარი. დიდწილად არც ვეთანხმებით ამ პრეტენზიებს. შესაბამისი უწყებები დაიწყებენ შესწავლას და უფრო ღრმად გავეცნობით იმ არგუმენტებს, რაც არის წარმოდგენილი რუსული მხარის მიერ. ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ რა შანსებია იმის, რომ გარკვეული პროგნოზები ვაკეთოთ ან დავიწყოთ ჩვენ არგუმენტებზე მუშაობა, რათა სასამართლო პროცესზე ქართული მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაცული იყოს”, - განაცხადა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე ინვესტიციაა განხორციელებული, თუ არის ხარჯები, რომელიც ”თელასმა” გაწია, ეს ადეკვატურად არის ასახული ტარიფში.

”რუსული მხარე თვლის, რომ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილება მათ მიმართ არ იყო სამართლიანი. სემეკის პოზიციას ვეთანხმები, რომ თუკი რაიმე ინვესტიციაა განხორციელებული, თუ არის ხარჯები, რომელიც ”თელასმა” გასწია, ეს ადეკვატურად არის ასახული ტარიფში. განსაკუთრებული მიდგომა ”თელასის” მიმართ ნამდვილად არ ყოფილა. არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში ყველას ერთი პრინციპით უდგინდება ტარიფი. ეს გასაზრდელი იქნება თუ შესამცირებელი, ამას მარეგულირებელი კომისია ერთიანი მიდგომით განსაზღვრავს. კიდევ არის მეორე საკითხი „ხრამის“ თემასთან დაკავშირებით. „ხრამის“ ჰიბრიდული სადგურების პრივატიზაციიდან გამომდინარე მათ აქვთ პრეტენზია ”ხრამჰესის” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. „ხრამზე“ მათ ვუთხარით, რომ თუ ამისთვის საფუძველი გააჩნიათ სამართლებრივად პრივატიზაციის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რადგან ეს პრივატიზაციით 2011 წელს იქნა გაყიდული, შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი სემეკ-ის გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო დავას. სწორედ ამ ორი ძირითადი თემის საარბიტრაჟო დავის ფორმატში განხილვას აპირებს რუსული მხარე”, - განაცხადა ვალიშვილმა.

რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაა ტარიფების გაზრდაზე.

"ინტერ-რაოს" ჯგუფი ადასტურებს ორი სარჩელის შეტანას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

"ინტერ-რაოს" სტრუქტურები,Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამი ჰესი 1"-ს და "ხრამი ჰესი 2-ს.