წითელ ხიდსა და ყაზბეგში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

წითელ ხიდსა და ყაზბეგში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც  სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 1ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ვ.პ -ს ბარგში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 1,181.87 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 68,017.24 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ფხვნილის (3 შეკვრა) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 3 ივნისს, სგპ ,,ყაზბეგიშიც’’. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17, 772.23 ლარი შეადგინა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

არადეკლარირებული საქონლის - ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ რამდენიმე ფაქტი 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ სადახლოზე აღმოჩენილი საქონლის საერთო წონამ 81.98 გრამი შეადგინა ხოლო საერთო საბაჟო ღირებულებამ - 16,917.6 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 16,917.6 ლარის ოდენობით შეეფარდათ.