16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელები, საკომუნიკაციო კომპანიების, ასევე სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას.

„სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, შესაბამისად მოსახლეობა რაიონული გამგეობის მიერ წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24 საათიან რეჟიმში წარიმართოს, რათა სექტემბერში, ვიდრე მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ყველა ძირითადი სამუშაო იყოს დასრულებული და გადაადგილება იყოს თავისუფალი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ამისთვის მათ სამი მთავარი ამოცანა ექნებათ შესასრულებელი. კერძოდ, ინტენსიურ რეჟიმში იმუშაონ; ზაფხულის განმავლობაში ქალაქში დარჩენილ მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით ნაკლები დისკომფორტი შეუქმნან და სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდეს.

„გადავწყვიტეთ, რომ საკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად, ჯერ კომუნიკაციები გამოვცვალოთ, შემდეგ მოვაწესრიგოთ გზის საფარი და ტროტუარები. ქუჩების პერიოდულ დაკეტვასთან და მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან. შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად, დღეების მიხედვით რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები. რაიონული გამგეობა აფრთხილებს მოსახლეობას, იქ არსებული კომერციული ფართების მესაკუთრეებს, რათა წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ის მცირე დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იქნება შეზღუდვებთან, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც ქალაქი პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციით მიიღებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფრომაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა. საკომუნიკაციო ქსელის აღდგენა - გამოცვლას, კომპანია GWP განახორციელებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენის ორ კილომეტრიან მაგისტრალურ ქსელს. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების სამ კილომეტრიანი სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე ახალი, ევროსტანდარტის, ჰერმეტული და ბრენდირებული თავსახურები დამონტაჟდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ.

ამასთან, მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი, ასევე ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები, სულ 20 ერთეული. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე; დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გასტანს მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე შეიზღუდება.