შშმ პირებისთვის მეტროსადგურებში მობილური პლატფორმები შემოდგომაზე გამოჩნდება

მეტროსადგურებში ეტლით მოსარგებლეებისთვის მობილური პლატფორმები სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოჩნდება.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ დირექტორმა გიორგი პაპუნაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმის დამზადება-ჩამოტანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც პაპუნაშვილმა აღნიშნა, ყველა მეტროსადგურის ექსკალატორის აღჭურვისთვის ჯამში 42 პლატფორმაა საჭირო, თუმცა პირველ ეტაპზე მათი განთავსება 7 მეტროსადგურში მოხდება.

„პირველ ეტაპზე ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას ჩამოვიტანთ, რომელიც დაიტესტება და ტესტირების შედეგების საფუძველზე რამდენიმე სადგურზე დაინერგება. საუბარია იმ მეტროსადგურებზე, რომელთა ექსკალატორზე მოხვედრაც კიბის გარეშეა შესაძლებელი. ესენია: ისანი, ავლაბარი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, მარჯანიშვილი, სადგურის მოედანი, ნაძალადევი. კერძოდ, ექსკალატორთან 2 პლატფორმა განთავსდება, როგორც ჩამსვლელი, ისე ამომსვლელი მგზავრებისთვის.

რაც შეეხება პლატფორმების შეძენას, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ყაზახეთში მდებარე გერმანულ კომპანიასთან MO LIFT ვაწარმოებთ, რომელიც ასეთ პლატფორმებს ამზადებს. თუმცა, არ არის გამორიცხული პლატფორმები საბოლოოდ სხვა კომპანიისგან შევიძინოთ ან საქართველოში დავამზადებინოთ“, - აღნიშნა პაპუნაშვილმა.

რაც შეეხება, მთლიანად პროექტის ღირებულებას, პაპუნაშვილის თქმით, უხეში გათვლებით დაახლოებით 200 ათასამდე დოლარი იქნება საჭირო.

თაია არდოტელი