საია - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უარყოფითად აისახება საჯარო მოხელის უფლებების დაცვის გარანტიებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” პარლამენტს მთავრობის მიერ 2017 წლის 1 ივნისს ინიცირებულ პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოსაზრებები წარუდგენა.

როგორც  საია-ში აცხადებენ, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღების შემდეგ წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც განსხვავებულად აყალიბებს 2015 წლის 27 სექტემბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს.

საიას მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შენიშვნები უკავშირდება შემდეგ საკითხებს: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელისათვის 1 თვიანი კომპენსაციის მიცემის გაუქმება; საჯარო მოხელის შეფასების პროცესში მოხელის ინიციატივით შესაბამისი დარგის სპეციალისტის დასწრების გაუქმება; სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლად მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ნაწილიდან განზრახვის ელემენტის ამოღება; სერტიფიცირების ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრის ამოღება.

”მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ არის შესაბამისობაში საჯარო სამსახურის რეფორმის მიზანთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებთან, ასევე უარყოფითად აისახება საჯარო მოხელის უფლებების დაცვის გარანტიებზე”, - აცხადებენ საია-ში.