გასულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 22.5 მილიონი დოლარით გაიზარდა

მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, წინა თვეში ფულადი გზავნილების მოცულობამ 115.4 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 280.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.2 %-ით (22.5 მლნ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მილიონი ამერიკული დოლარი (44.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მილიონი დოლარისა (34.5 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.