პუტინი - არ ვარ ისეთი მდიდარი, როგორც ამბობენ

არ მაქვს ის ქონება, რასაც ჩემზე ამბობენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოლივერ სტოუნთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ანგარიშები და სხვა ქონება კვიპროსში და „ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ მე თვითონ ვიტყოდი“.

„არა მგონია, რომ სიმდიდრე დიდი ბედნიერებაა. კრიზისის დროს მარტო იმაზე უნდა იფიქრო, რა უყო ამ აქტივებს, სად განათავსო და ეს ყველაფერი მხოლოდ თავის ტკივილია. სიმდიდრე არ არის ყველაფერი - ფულს საფლავში ვერ წაიღებ“, - განაცხადა პუტინმა.

სამი ოსკარის მფლობელი, 70 წლის ოლივერ სტოუნი ორი წლის განმავლობაში წერდა ინტერვიუებს რუსეთის ლიდერთან. „პუტინის ინტერვიუები“ (The Putin Interviews) – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ოთხი სერიისგან შედგება. ფილმი ამერიკულ საკაბელო არხზე Showtime გავიდა.

ამერიკელ რეჟისორთან პუტინი ყველა თემაზე საუბრობს - დაწყებული მისი ბავშვობიდან, დასრულებული აშშ-რუსეთის ურთიერთობებით. ინტერვიუები ჩაწერილია კრემლში, სოჭში, მოსკოვში, პუტინის საჯინიბოში, მანქანასა და თვითმფრინავში.